მაქსიმალური შედეგი, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ შეეძლო, უკვე სახეზეა

img

”ნაციონალურ მოძრაობას” თავისი პოლიტიკური ბუღალტერია აქვს და ”ქართულ ოცნებას” თავისი. ვნახოთ, როგორ შედეგებს მივიღებთ, - ამის შესახებ ”ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანი მიროტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მიროტაძე გამოემხაურა ნაციონალური მოძრაობის ახალ კამპანიას ”+1”, თუმცა მისი თქმით, არ შეუძლია პროგნოზი გააკეთოს, რამდენად გაამართლებს ეს კამპანია.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ „+1“ არის „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი მცდელობა და სურვილი, რომ რაც შეიძლება გარანტირებული მანდატი ჰქონდეს.

”ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს თავისი პოლიტიკური ბუღალტერია, ”ქართულ ოცნებას” თავისი და ვნახოთ, საბოლოოდ როგორ შედეგებს მივიღებთ. მე ვფიქრობ, ”ნაციონალურმა მოძრაობამ” საკუთარი ძალების მაქსიმალური მობილიზება შეძლო და ასევე შეძლებს მეორე ტურში, რადგან მათ ამომრჩევლების მობილიზების პრობლემა რა აქვთ, თუმცა რამდენად გამოვა ”+1” კამპანია, ამაში ეჭვი მეპარება, რადგან მაქსიმუმი რაც შეეძლო ამ პარტიას, შედეგი უკვე სახეზეა”, - განაცხადა მიროტაძემ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კამპანიას ”+1” იწყებს. კამპანიის ფარგლებში პარტია მხარდამჭერებს მოუწოდებს, დაარწმუნონ ახლობლები, მოვიდნენ არჩევნების მეორე ტურში და ”ნაციონალური მოძრაობას“ დაუჭირონ მხარი.

„აღნიშნული კამპანია მიმართულია იმისკენ, რომ არ მოხდეს „ქართული ოცნების“ გამარჯვება და პარლამენტში მათი წარმოდგენა საკონსტიტუციო უმრავლესობით“, - განაცხადა გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა.