ხაშურის საჭიდაო სკოლის აღიარება - ლუკა მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონია

img

,,თავისუფალმა” მოჭიდავემ ევროპა შეაზანზარა და საკუთარი ქალაქის სახელი ყველას დაამახსოვრა, აგერ ახლა კი ბუქარესტში, მთელი მსოფლიოს გასაგონად გაისმა: ,,82 კილოგრამი, ოქროს მედალი, ლუკა მაისურაძე, საქართველო, ხაშური.” ამას კიდევ დროშის აღმართვა და ჩვენი ჰიმნი მოჰყვა იქ და სიხარულის ცრემლები _ აქ.

არც არავის დაუმალავს ეს ცრემლები. მწვრთნელს, მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ყველას, ვინც იმ წუთს ინტერნეტს იყო მიჯაჭვული და იმ საოცრად დაძაბულ ფინალს უყურებდა. ფინალამდე ლუკამ საერთოდ არ გვანერვიულა გულშემატკივრები. ჯერ იყო და მასპინძელ, რუმინულ სპორტსმენს მოუთავა ხელი _ 8:0. ამას ყირგიზი მიაყოლა და არც იქ დაუთმია ქულა – 8:0. შემდეგ რუსი აბურთავა, როგორც გაეხარდა და ორი დაკარგული ქულის სანაცვლოდ, ათი იქით მიართვა რუსს _ 10:2 და ფინალი, რომელზეც ალბათ ცალკე უნდა ვისაუბროთ.

ლიტველი სპორტსმენი, რომელიც ფინალში ლუკას პირისპირ დადგა, მართლაც კარგად იყო მომზადებული. ლუკამაც პირველ წუთებში ოდნავ შეანელა ყურადღება და ეს ყველაფერი ოთხი ქულის დაკარგვად დაუჯდა. წარმოიდგინეთ ჩვენი და ყველა გულშემატკივრის მდგომარეობა, როდესაც ფინალის დამთავრებამდე ნახევარი წუთიღა რჩება და ლიტველს 4:0 მიჰყავს ანგარიში. აი, აქ იფეთქა ქართულმა სულმა, აი, აქ მართლაც წარმოუდგენელი ენერგია ჩადო ლუკამ ილეთში და... შებოჭილი ლიტველი სპორტსმენი მხოლოდ წამებს ითვლიდა, რომ დრო გასულიყო და ამ რკინის მკლავებისაგან როგორმე თავი დაეღწია. ლუკა მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონია ჭიდაობა ,,სამბოში” ჭაბუკებს შორის.

ვულოცავთ მას, ვულოცავთ მის მწვრთნელს ბეგლარ ხარშილაძეს, ვულოცავთ მთელ სასპორტო სკოლას, ოჯახს და მთელ რაიონს. ლუკა გვეიმედები და გვჯერა, შენ კიდევ ბევრჯერ ააჟღერებ საქართველოს ჰიმნს მსოფლიოს სხვადასხვა საჭიდაო არენაზე.