„ნაციონალური მოძრაობა“ სანდრა რულოვსის წინააღმდეგ

img

„ნაციონალურ მოძრაობაში“, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სანდრა რულოვსის მიერ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმას, უარყოფითად აფასებენ. პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება სანდრა რულოვსს პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებით არ მიუღია.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის გივი თარგამაძის განცხადებით, სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება აზიანებს მეორე ტურების კამპანიას.

“ქალბატონი სანდრას გადაწყვეტილება არის მიუღებელი. ზოგადად ის აზიანებს მეორე ტურების კამპანიას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამომრჩევლის დაცვა არის გაცილებით უფრო მეტად, არა მისი ბრძოლისგან არიდება, არამედ ბრძოლაში მის გვერდით დგომა, გაძლიერება და მასთან ერთად გამარჯვების მიღწევა”, – განაცხადა გივი თარგამაძემ.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის სერგი რატიანის შეფასებით კი, პარტია აქტიურად გააგრძელებს მეორე ტურისთვის მზადებას.

“ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას მეორე ტურში, ვიბრძოლებთ მეორე ტურებში. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ივანიშვილს არ ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ ივანიშვილი გამოიყენებდა ყველა მეთოდს და იქნებოდა ძალადობა, იქნებოდა დაშინება. ის გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება ქალბატონი სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებას, ვფიქრობ, რომ მეორე ტურის წინ არის სამწუხარო და გარკვეულწილად დამაზიანებელი. ზუგდიდი არის ის რეგიონი, რომელშიც ჩვენ როგორც წესი, გვქონდა მაღალი ალბათობა გამარჯვების. მე მესმის, რომ ემოციურად ძნელი იყო ყველაფრის ხილვა, რაც მოხდა ზუგდიდში, ოღონდ ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ძალების კონცენტრაცია და ჩვენ არ უნდა დავუშვათ, ის რომ პასუხისმგებლობა არ ავიღოთ იმაზე, რომ ივანიშვილს შესაძლებელია ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა”, – განაცხადა სერგო რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სანდრა რულოვსი ზუგდიდში, მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.