გერმანული Deutsche Bahn საქართველოს დერეფანით ტვირთების გადაზიდვას იწყებს

img

Deutsche Bahn საქართველოს დერეფანით ტვირთების გადაზიდვას იწყებს.

პირველი სატესტო მატარებელი, რომელიც 41 კონტეინერისგან შედგება მარშრუტზე „სამხრეთ- დასავლეთი“ ნოემბრის ბოლომდე გაეშვება.

ამის შესახებ თეირანში ირანის, საქართველოს და აზერბაიჯანის სარკინიგზო კომპანიების და Deutsche Bahn-ის აღმასრულებელი დირექტორის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

 აზერბაიჯანის რკინიგზაში აცხადებენ, რომ მატარებელი გამოვა რუმინეთიდან, კონსტანცადან, ზღვის გავლით მივა საქართველოში და რკინიგზით გაიგზავნება აზერბაიჯანში, საიდანაც, უკვე სატვირთო ავტომანქანებით გადაიტვირთება ირანში, გაზვინის სადგურში და ისევ რკინიგზით მივა თეირანში.

ამავე შეხვედრაზე განიხილეს ინდოეთიდან სპარსეთის ყურის გავლით, ევროპაში ტვირთების ტრანსპორტირება.

კორიდორი „სამხრეთ- დასავლეთი" მოიცავს მარშრუტს - სპარსეთის ყურე/ ინდოეთი- ირანი- აზერბაიჯანი- საქართველო- შავი ზღვა- ევროპა. ამ გზის დაფარვა სულ 15 დღეში გახდება შესაძლებელი, მაშინ როცა ზღვის მარშრუტს 30-40 დღე სჭირდება.