11,34 %-ით გაზრდილი ტურისტების რაოდენობა აჭარაში

img

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარაში ბოლო 8 თვის განმავლობაში ტურისტების რაოდენობამ 11.34%-ით იმატა, რაც 227, 342 უცხოელ ტურისტს გულისხმობს. აღნიშნულ მონაცემებს დეპარტამენტი რეგიონში არსებული განთავსების ობიექტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, გაზრდილია რეგიონში ვიზიტორების რაოდენობაც. საზღვრის კვეთის მონაცემებზე დაყრდნობით რეგიონს 9 თვის განმავლობაში 1 132 250 საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა.

საერთაშორისო მოგზაურების განსაკუთრებული ზრდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფიქსირდება. 9 თვეში, საჰაერო გზით აჭარაში შემოსული საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 76,55% გაიზარდა, რაც 114 169 უცხოელ ვიზიტორს გულისხმობს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გასული წლისგან განსხვავებით, წელს განსაკუთრებით გაიზარდა მოგზაურების რაოდენობა ირანიდან, საიდანაც რეგიონში 30 468 ვიზიტორი შემოვიდა. ლიდერობს ისრაელიც, საიდანაც ვიზიტორების რიცხვი რეგიონში 371% -ით გაიზარდა (23 236). მათი დიდი უმრავლესობა კი აჭარაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან შემოვიდა (22 803).

საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა რეგიონში 76%-ითაა(3270) გაზრდილი საუდის არაბეთიდან და 279% ით(1483) არაბეთის გაერთიანებული ემირატებიდან.