“თბილისობა -2016”-მა უცხო ქვეყნების დელეგაციების მოწონება დაიმსახურა

img

ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში არად ბენკოს განცხადებით, თბილისობა 2016-ის სახალხო დღესასწაულმა უცხო ქვეყნის დელეგაციების მოწონება დაიმსახურა.

ავსტრიის ელჩი დღეს, თბილისის მერ დავით ნარმანიას, მერიის შენობაში ესტუმრა და თბილისობა 2016-ის წარმატებით განხორციელება მიულოცა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ავსტრიის დედაქალაქ ვენასა და თბილისს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო თბილისსა და ავსტრიის სხვა ქალაქებს შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერებასა და სხვადასხვა ერთობლივი პროგრამის განხორციელებას.ავსტრიის საელჩო თბილისში მიმდინარე წლის სექტემბერში გაიხსნა.

დავით ნარმანიამ იმედოვნებს, რომ თბილისში ავსტრიის საელჩოს გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არსებული ინტენსიური ორმხრივი ურთიერთობების, მათ შორის, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას.

თავის მხრივ, არად ბენკომ გამოთქვა მზაობა, რომ მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ორი ქვეყნის ქალაქებს შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.

„თბილისობა – 2016“ წელს 15-16 ოქტომბერს აღინიშნა და მერიის ორგანიზებით, დედაქალაქში სხვადასხვა ღონისძიება ლეღვთახევში, ევროპის მოედანზე, რიყის პარკში, მეტეხის ხიდზე, რეაბილიტირებულ დავით აღმაშენებლის გამზირზე, ვაკის პარკში და ილიას ბაღში გაიმართა. დღესასწაული მეიდანზე გალა-კონცერტით დასრულდა, სადაც მომღერლებმა თბილისზე ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორების სიმღერები შეასრულეს, მათ შორის, გიორგი ცაბაძის ერთ-ერთი ცნობილი სიმღერა – “ჩემო თბილის ქალაქო”.