კურორტ გოდერძიზე მომავალ წელს ალპური ბაღის გახსნა იგეგმება

img

აჭარაში კურორტ გოდერძიზე ალპური ბაღი მოეწყობა. ბაღის გახსნა 2017 წლის შემოდგომაზე იგეგმება, რისთვისაც 100 000 დოლარი დაიხარჯება. შესაბამისი საგრანტო ხელშეკრულება ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და შ.პ.ს. "აჭარისწყალი ჯორჯიას“ შორის გაფორმდა.

როგორც ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორი ირაკლი არჩაია აცხადებს, თუ სამუშაოებს ხელი ამინდმა შეუწყო ბაღში ძირითადი სამუშაოები სწორედ მომავალ წელს დასრულდება. მისი ინფორმაციით, ბაღის ტერიტორია 10 ჰექტარს მოიცავს და მისი მოწყობის სამუშაოები უკვე დაწყებულია.

ალპურ ბაღში იგეგმება ალპინარიუმის მოწყობა, ასევე გოდერძის ალპურ ბაღში დამონტაჟდება მზის ენერგიის სისტემის და პარკინგი; მოეწყობა საპიკნიკე ადგილი და ბუნებრივი ბილიკები, მოეწყობა კანალიზაცია, ეკო ტუალეტები და ბილეთების ჯიხური.

ბაღში შესვლა, სავარაუდოდ, ფასიანი იქნება.

აქვე იგეგმება მეფუტკრის სახლის მშენებლობა, მეფუტკრეობის განვითარებისათვის საჭირო ინვენტარით აღჭურვა და ფუტკრის ოჯახების შეძენა.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ბოტანიკურ ბაღს ადგილობრივად სპეციფიკურ მცენარეთა მრავალფეროვნების შენარჩუნებაში.

ალპური ბაღის მშენებლობა და განვითარება დაიწყო მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის მხარდაჭერით, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ახორციელებს.