რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი-სადახლოს გზების მშენებლობა იგეგმება

img

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, E60 ავტომაგისტრალის, რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი-სადახლოს გზების განახლებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური პროექტის მომზადებას იწყებს.

სამინისტროს ცნობით, აღნიშნული პროექტი, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკის დააფინანსებით განხორციელდება.

"ამ ეტაპზე, რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი-სადახლოს გზების განახლებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური პროექტის მომსამზადებლად, ტექნიკური და ფინანსური წინადადებები 4 კომპანიამ წარმოადგინა. შემდეგ ეტაპზე, შერჩეულ კომპანიასთან დაიწყება საკონტრაქტო მოლაპარაკებები და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური პროექტის დოკუმენტი მომზადდება", - აცხადებენ სამინისტროში.

რუსთვიდან სადახლოს მიმართულებით 40-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა იგეგმება, მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 90 მლნ. აშშ. დოლარს შეადგენს. რუსთვიდან წითელი ხიდის მიმართულებით დაგეგმილია 35-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა და მისი სავარაუდო ღირებულება 110 მლნ. აშშ. დოლარია.