კახა კალაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ ეღირსება, ბინძური ტყუილებით შეიარაღებული ძალების ერთიანობასა და სიმტკიცეში ბზარი გააჩინოს

  • 2018-11-16
  • 77 ნახვა
img

ვერ ეღირსებით, ბინძური ტყუილებით ჩვენი შეიარაღებული ძალების ერთიანობასა და სიმტკიცეში ბზარის გაჩენას, – ასე მიმართა თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე „ნაციონალურ მოძრაობას“.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა, დარტყმა მიაყენოს ქვეყნის ფუნდამენტს – საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და მის ერთიანობას.

კალაძის თქმით, არავის მიეცემა უფლება, დეპოლიტიზებული ჯარი ისევ პოლიტიკურ თამაშებში ჩაითრიოს.

„არავის მივცემთ უფლებას, რომ ხალხთან ერთად ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი – დეპოლიტიზებული ჯარი ისევ პოლიტიკურ თამაშებში ჩაითრიოთ! სწორედ ხალხთან ერთად დავიცავთ ჩვენს სამხედროებს თქვენი შანტაჟისგან, ყველა საერთაშორისო სტრუქტურაში მოვიგებთ თქვენ მიერ წაგებულ საქმეებს, თქვენი ღალატით გახლეჩილ ქვეყანას გავამთლიანებთ და წინ წავიყვანთ“, – განაცხადა კახა კალაძემ ბრიფინგზე.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, თითქოს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილე ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ემუქრებათ ჰააგაში გასამართლების საფრთხე.

„ჩვენ ქედს ვიხრით ჩვენი გმირების წინაშე და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი აბსურდული განცხადებებისთვის არანაირი თეორიული საფუძველიც კი არ არსებობს და „ნაციონალური მოძრაობა“ უტიფრად ცდილობს, საზოგადოების და ჩვენი გმირების შეცდომაში შეყვანას, მათი სახელის პარტიული მიზნებისთვის გამოყენებას მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ მიტოვებულ ჩვენს გმირ ოფიცრებს, სერჟანტებსა და რიგითებს ელოდებათ არა სასამართლო, არამედ – დიდება და პატივი მადლიერი ქართველი ხალხისგან! სასამართლო ემუქრება ოკუპანტებს და ბანდფორმირებებს, რომლებმაც ეთნიკური წმენდა ჩაატარეს ქართულ მიწაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული სიცრუე მოიგონეს მათ, ვინც დანაშაული ჩაიდინა საქართველოს ისტორიისა და მისი მომავლის წინაშე.

„ახლა, მათთვის უკვე ჩვეული ტვინის გამორეცხვის მეთოდით, რუსი პოლიტტექნოლოგების რჩევით და რეკომენდაციით, გმირი სამხედროების ზურგს ამოფარებულები ცდილობენ, სხვას დააბრალონ ის, რაც თავად დაუშავეს ხალხს და ქვეყანას. ამ პრინციპზეა, ზოგადად, აგებული მთელი მათი პროპაგანდა და ეს პრინციპი ყველაზე თვალსაჩინოდ აგვისტოს ომის და ამ ომთან დაკავშირებულ საკითხებში ვლინდება.

პარტია და მისი ლიდერი, ვინც საკუთარი გაუაზრებელი თუ მოღლატეობრივი პოლიტიკით პრაქტიკულად რუსის ჯარს შემოუძღვა საქართველოში, დაკარგა 150 სოფელი, მათ შორის, ჯერ განაიარაღა და მერე უბრძოლველად ჩააბარა კოდორი, მტერს შეატოვა მშვიდობიანი მოსახლეობა და ჩვენი დაღუპული გმირების ცხედრების გამოტანაზეც არ უზრუნია, ისე მოაწყო გამარჯვების ყალბი ზეიმი რუსთაველის გამზირზე და რომ არა პატრიარქის პირადი გმირობა და ჩვენი სამღვდელოების თავდადება, ზოგიერთი გმირის საფლავიც არ გვექნებოდა. ეს ის ხალხია, რომელმაც საერთაშორისო რეზოლუციებში ფაქტიურად დაუკანონა რუსებს ოკუპაცია და ისე მოუქცია ქვეყანას საქმე, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოში აქეთ გვიჩივლა ოკუპანტმა; პოლიტიკური ძალა, რომელმაც საკუთარი სიმხდალის და ღალატის გადასაფარად, ჯოხი ისევ გმირ სამხედროებზე გადატეხა და მათი თანაგუნდელი სადისტების ხელით არნახული რეპრესიები მოუწყო შეაიარაღებულ ძალებს“, – განაცხადა კალაძემ.

მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ კანპანიით ცდილობს, საკუთარი დანაშაულებრივი პოლიტიკა გადაფაროს და სხვას გადააბრალოს.

„დღეს, ეს ხალხი გვდებს ბრალს ეროვნული ინტერესების ღალატში. ის უსინდისო და აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული კამპანიაც, რაც ვითომდა ჰააგის ტრიბუნალის მიერ საქართველოს გამტყუნებას და ქართველი სამხედროების გასამართლების გამოგონილ საფრთხეს ეხება, ისევ და ისევ საკუთარი დანაშაულებრივი პოლიტიკის გადაფარვის და სხვაზე გადაბრალების სტრატეგიის ნაწილია“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ დანაშაულების დასაფარად გადალახა პოლიტიკური ოპონირების ყველა ზღვარი.

თუმცა, კალაძის თქმით, ხელისუფლება არავის მისცემს უფლებას, მთავარი მონაპოვარი – დეპოლიტიზებული ჯარი ისევ პოლიტიკურ თამაშებში ჩაითრიოს.

მსგავსი სიახლეები