რაჭაში, შაორის ტბის ტერიტორიაზე ახალი ქალაქი შენდება

img

არაბული კომპანია ISRAIL AHMADOV INVESTMENT LLC რაჭაში, შაორის ტბის ტერიტორიაზე დასასვენებელ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის აშენებას გეგმავს. როგორც კომპანიაში განაცხადეს, ადგილზე მინიმუმ 500 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება, რომელშიც აღნიშნული კომპანიის გარდა ევროპული და სხვა არაბული კომპანიებიც იქნებიან ჩართული.

კომპანიამ პროექტი უკვე წარუდგინა ადგილობრივ და აღმასრულებელ ხელისუფლებას და მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, შაორის ტბის ტერიტორიაზე გეოლოგიური და ეკოლოგიური შესწავლას ახორციელებენ, იმის დასადგენად თუ სად არის შესაძლებელი სამშენებლო სამუშაოები. მათივე ინფორმაციით, ნებართვის მიღების შემთხვევაში, გადაცემული მიწის ნაწილზე მწვანე საფარი უცვლელი დარჩება.

პროექტის მიხედვით, კომპლექსის მშენებლობა ეტაპობრივად განხორციელდება. პირველი ეტაპი სასტუმროებისა და დასასვენებელი სახლების მშენებლობას ითვალისწინებს. მეორე ეტაპზე კი კომპანიას საცხოვრებელი სახლებისა და კოტეჯების მშენებლობა სურს.

პროექტი შემდეგ კომპლექსებს გააერთიანებს: 4 სასტუმრო - (300, 400, 500, და 600 ნომრიანი) იახტ-კლუბი, რომელიც 1500 კვ.მ-ზე განთავსდება, ქართული, არაბული, იტალიური, ამერიკული რესტორნები. სპა და ფიტნეს ცენტრი, ბავშვთა გასართობი ცენტრი და კოტეჯების ზონა. კოტეჯები 2, 4 და 5 ნომრიანი იქნება. ასევე პროექტი ითვალისწინებს გოლფის მოედნისა და იპოდრომის მოწყობას.

როგორც არაბულ კომპანიაში განგვიმარტეს, ისინი საქართველოში სხვა პროექტებითაც არიან დაინტერესებული. კერძოდ, კომპანიამ უკვე დაასრულა ზუგდიდში საკონსერვო ქარხნის პროექტზე მუშაობა. ასევე კომპანია იმედოვნებს, რომ უახლოეს პერიოდში მთავრობასთან სენაკის აეროპორტის მშენებლობაზე იქნება ხელშეკრულება გაფორმებული.