ანაკლიის პორტის მშენებლობის ხელშეკრულება 3 ოქტომბერს გაფორმდება

img

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ, საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის, საინვესტიციო ხელშეკრულება 3 ოქტომბერს გაფორმდება.

ხელმოწერის ცერემონიას დაესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლები - მამუკა ხაზარაძე და კურტ კონტი, ასევე კომპანია Van Oord-ის რეგიონული დირექტორი გოვერტ ვან ოორდი.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური რამდენიმე ეტაპად აშენდება; პროცესი 9 ფაზას მოიცავს. პორტის გამტარუნარიანობა, წელიწადში 100 მილიონი ტონა იქნება. პროექტი საქართველოში ათასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. პორტი 400 ჰექტარის ფართობზე შენდება და მისი მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ნავსადგური 2020 წელს გაიხსნება.